სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარების ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობენ (ვიდეო)

სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ჯგუფი გურიაში თხილნარებსა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში შექმნილ ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობს.
როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნიგოეთი, გვიმბალაური, ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ჩიბათი) ფერმერთა ნაკვეთებიდან, ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის და ბოსტნეული კულტურების ნიმუშები აიღეს. ზუსტი დიაგნოსტირების საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რათა მომავალში ფერმერებმა მცენარის სრულყოფილად დაცვა შეძლონ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამოიცა ფენოკალენდარული სქემა, სადაც გაწერილია თხილის წამლობის პერიოდები, პრეპარატები და მათი სწორი გამოყენება. ფენოკალენდარული სქემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერებს უკვე დაურიგდათ. მკვლევართა ჯგუფის მიერ თხილნარების და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლა დაგეგმილია ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები