ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო„ჰოლიდეი ინნში“, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და საზოგადოების ყურადღებას ადგილობრივი წარმოების წინაშე წარმოქმნილ პრობლემებზე გაამახვილებენ. ისინი გეგმავენ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული ხედვა საჯაროდ შესთავაზონ.
როგორც მწარმოებლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ ხედვების არგაზიარების შემთხვევაში, შექმნილი ხელოვნური ბარიერების არმოხსნის და შედეგად, ქარხნების მუშაობის გაჩერების შემთხვევაში, ისინი ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებით, მიმართავენ პროტესტის მძიმე ფორმებს და დაიცავენ მუშაობის საკუთარ უფლებას.
მთავარი პრობლემა, რომელიც აგვისტოს დასაწყისიდან წარმოიქმნა, არის ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი იმპორტირებული ნედლეულის – კლინკერის საბაჟოზე განუსაზღვრელი ვადით გაჩერება, ხარისხის შემოწმების მიზეზით. შედეგად, ნედლეულის მოწოდების შეფერხების გამო, უკვე გაჩერებულია ქარხნების უმრავლესობა, რამდენიმე დღის მარაგი აქვს 2-3 ქარხანას. მარაგის ამოწურვისთანავე, ისინიც იძულებით გააჩერებენ წარმოებას.
მწარმოებლების განცხადებით, მათ ჰქონდათ გარკვეული კომუნიკაცია სამთავრობო წრეებთან, თუმცა კონკრეტულ შედეგს და გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს, გარდა იმისა, რომ საბაჟოზე გაჩერებული და გზაში მყოფი ტვირთები, ერთჯერადი წესით, დაიშვა ბაზარზე. მათი თქმით, ბაზარს სჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებები და იმ წესების სასწრაფოდ შემუშავება, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველამ, მიუხედავად მისი სიდიდისა თუ ბაზრის პროცენტული წილის ფლობისა.
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერისადმი მიმართვას და შექმნილი მდგომარეობიდან კონკრეტული გამოსავლის შეთავაზებას გეგმავენ. მათი ხედვების უახლოეს დღეებში არგაზიარების, ვითარების განმმუხტავი გადაწყვეტილების ვერმიღების შემთხვევაში, მწარმოებლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები