ახმეტაში, ბირკიანის გვიანი შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ბირკიანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 24 ივლისის ბრძანებით მიიღო.
კომპლექსი მოიცავს სასახლეს, მინაშენით, საწნახელს და გალავანს. აგებულია ნატეხი ქვით დუღაბზე.
კომპლექსის თარიღთან დაკავშირებით ორი მოსაზრებაა: დ. დუმბაძე მას IX-X სს. ათარიღებს, ხოლო ა. ქალდანი გვიან შუა საუკუნეებით.
სასახლე სამსართულიანია და ოთხკუთხა გეგმარებისაა.  პირველი სართული დანარჩენებთან შედარებით დაბალია და ის სამეურნეო დანიშნულებისაა. მეორე სართული საცხოვრებელია. სივრცე ნათდებოდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში დატანებული ღიობების საშუალებით. მესამე სართულის დანიშნულება ამჟამად გაურკვეველია, რადგან ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და კედლებში მხოლოდ ნიშები იკითხება.
„კომპლექსი თავისი მოცულობით მაღალი ფენის წარმომადგენლის საცხოვრისია. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად საცხოვრებელი ნაგებობები უფრო მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი საქართველოში, მით უფრო აღმოსავლეთ საქართველოში სამსართულიანი საცხოვრებლები იშვიათია, კომპლექსი ღირებული ნაგებობაა და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები