“საქართველომ რეფორმების გატარებით შესანიშნავ პროგრესს მიაღწია“

საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით, ეს პროგრესი სათანადოდ უნდა აისახოს, მაგრამ როგორ – ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია. ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში, საერთაშორისო უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე რუსი ექსპერტის კითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო უელსის სამიტზე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ან ალიანსში მიპატიჟებას.
“უელსის სამიტზე ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ აისახება ეს პოზიცია სამიტზე. ჩემი აზრით, საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წვლილის შეტანით. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი სამიტზე სათანადოდ უნდა აისახოს, მაგრამ როგორ – ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია”, – განაცხადა რასმუსენმა.
ბრატისლავაში, საერთაშორისო უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობს. როგორც მინისტრმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, ფორუმზე ნატოს გენერალურმა მდივანმა უაღრესად წარმატებული უწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მადლიერება გამოხატა საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები აუცილებლად აისახება ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში ხელშესახები მნიშვნელოვანი პროგრესის დემონსტრირებით.
“ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ნატოს გენერალურმა მდივანმა უაღრესად წარმატებული უწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, მადლიერება გამოხატა ჩვენი შეიარაღებული ძალების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობაზე და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები აუცილებლად აისახება ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებში ხელშესახები მნიშვნელოვანი პროგრესის დემონსტრირებით.
მომდევნო სესიაზე იგივე დაადასტურეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აშშ-ს გენერალმა ალენმა, აგრეთვე, ფრანგმა და ბრიტანელმა მაღალი რანგის დიპლომატებმა. საქართველოს თემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დღის პირველ ნახევარში გამართულ დისკუსიებში, რომელშიც თქვენი მონა-მორჩილიც მონაწილეობდა“, – წერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები