ლევან იზორია: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ქვეყნის შეირაღებული ძალებისა და საქართველოს ინსტიტუციების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებას. ლევან იზორიამ განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის გაზრდილი ორმხრივი სამხედრო საწვრთნელი პროგრამების რიცხვი, აღჭურვის პროგრამების რაოდენობა, ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბები არის ნათელი დასტური იმისა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე! უდიდესი მნიშვნელობის ფაქტია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის 2017 წლის ბოლოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის – „ჯაველინების“ სისტემის მიწოდება. ეს ნაბიჯი იმის პრაქტიკული დადასტურებაა, რომ ამერიკა საქართველოში ერთგულ და სანდო პარტნიორს ხედავს“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო სექტემბერში მორიგ ქართულ-ამერიკულ სწავლებას – Agile Spirit 2018-ს უმასპინძლებს და პარალელურად, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვის ინტენსიური სამუშაოებიც მიმდინარეობს.
ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები