ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.
„შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. წარმატებით ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, დაწყებულია ლოგისტიკის ტრანსფორმაცია, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებად ფორმირება; Mission Command-ის მიდგომების დანერგვა, სამთო და საზღვაო, კიბერთავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ წვრთნებსა და სწავლებებში ინტეგრირება. ყოველივე ეს, სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს“,- აღნიშნა იზორიამ.
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყების მიზანია, ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, სრულფასოვნად შეიტანს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ერთგული რჩება ნატოს მოთხოვნის მიმართ და თავდაცვის დანახარჯებისთვის უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 2%-ის გამოყოფას. უფრო მეტიც, გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით, 4%-დან 20%-მდე გაგვეზარდა თავდაცვის ბიუჯეტიდან თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაციაზე მიმართული თანხები“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები