სოფიო ქაცარავა: მივესალმები გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში
„ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით და ჩვენი სურვილი იქნება, ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, უოდროპის დიალოგის სახით”,-ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
დეპუტატი მიესალმება გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ, უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, გერმანია გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას, როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის და განვითარების კუთხით, ასევე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამტკიცების მიმართულებით. გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს ყველა იმ წარმატებულ რეფორმაში, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაკავშირებს გერმანიასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში და ჩვენი სურვილი იქნება, ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გარდავსახოთ თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში, რომელიც ჩამოყალიბებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, უოდროპის დიალოგის სახით“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.