გორში, ბობნევის იოანე მახარებლის ეკლესიას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბობნევის 1661-1683 წლებში აშენებულ წმ. იოანე მახარებლის ეკლესიას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ეს კატეგორია ძეგლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის 10 ივლისის ბრძანებით მიიღო.
წმ. იოანე მახარებლის დარბაზული ეკლესია მდებარეობს მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, სოფ. ბობნევის მახლობლად.
შენობა ნაგებია დუღაბის სქელ ფენაში ჩაფლული კლდის ნამტვრევი ქვით და რიყის ქვით.
ერთადერთი კარი სამხრეთ კედელშია, სამი ვიწრო სარკმელი: აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი, მათგან მხოლოდ აღმოსავლეთისა სრულდება თაღით, დანარჩენი ორი – სწორკუთხა მოყვანილობისაა. კრამიტით გადახურული სახურავი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
სამხრეთ ფასადზე, კარის ზევით კედელში ჩადგმულ ფილაზე ხუთსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომლის მარჯვენა (აღმოსავლეთი) ნაწილი მომტვრეულია. წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესია იოანე მახარებლის სახელობისაა და მისი მაშენებელი იოსებ სააკაძეა – ტფილელი მთავარეპისკოპოსი (1620-1688 წწ. პოეტი – „დიდმოურავიანის“ ავტორი).
ინტერიერში ეკლესიის კედლები მხატვრობითაა დაფარული. სამხრეთი კარის თავზე ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ეკლესიის მხატვრობის ქტიტორად იოსებ სააკაძეა მოხსენიებული, წარწერის ბოლოს ქორონიკონი -„ტოა“ – 371 დასმული, რაც 1683 წ-ს ნიშნავს, ეს მხატვრობის თარიღია.
წარწერის მახლობლად, კარის დასავლეთით მუხლმოყრილი ქტიტორის იოსებ სააკაძის გამოსახულებაა შემორჩენილი. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების სცენა, მის ქვემოთ მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამებია, სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის გამოსახულებაა.
სამხრეთ კედელზე – პირველ რეგისტრზე შემდეგი კომპოზიციებია: „ლაზარეს აღდგინება“, „იერუსალიმში შესვლა“, „ჯვარცმა“; მეორე რეგისტრზე: „მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე“, „ღმრთისმშობლის მიძინება“ და „ფერისცვალება“; მესამე რეგისტრზე მედალიონებში ჩაწერილი წმინდანთა ფიგურებია; მეოთხე რეგისტრზე: „სამი ჭაბუკი სახმილსა შინა“, „მოსე სინას მთაზე“. ჩრდილოეთ კედლის პირველ რეგისტრზე გამოსახული სცენებია: „ჯოჯოხეთს წარტყვევნა“, „ამაღლება“, „სული წმინდის მოფენა“; მეორე რეგისტრზე: „შობა“, „მირქმა“, „ნათლისღება“;
მესამე რეგისტრზე: მედალიონში ჩაწერილი წმინდანთა ბიუსტები, იოანე ნათლისმცემელი, და „იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა“; მეოთხე რეგისტრზე გამოსახულია: წმინდანთა ფიგურები და „ორმოცი სებასტიელი მოწამე“.
დასავლეთ კედლის პირველ რეგისტრზე „ხარების’ კომპოზიციაა, მეორე რეგისტრზე წმ. დედების გამოსახულებებია და „კონსტანტინე და ელენე ჯვართან“, ქვედა რეგისტრი წმინდანთა გამოსახულებებს ეთმობა.
კომპოზიციებსა და ცალკეულ ფიგურებს ახლავს ქართული და ბეძნული განმარტებითი წარწერები. მხატვრობა სტილით ათონური სკოლის მაგალითებს გვაგონებს. ჩრდილოეთ კედელზე, მედალიონებში არსებული წმინდანთა გამოსახულებების ქვემოთ ბერძნული წარწერაა, რომელშიც, სავარაუდოდ, ეკლესიის მომხატველი ვინმე დანიელი იხსენიება (იხ. თ.ყაუხჩიშვილი გვ. 195).