აკაკი ზოიძე ივანიშვილის ინტერვიუზე: იყო ამომწურავი, პირდაპირი და გულახდილი პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო გულახდილი, – ასე აფასებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

როგორც ზოიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ივანიშვილი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს.

„ჩემი აზრით, ეს იყო ამომწურავი, პირდაპირი და გულახდილი პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნამდვილად გულახდილი იყო, ამას ხაზს გავუსვამ. იმიტომ, რომ ნამდვილი გულახდილობა პოლიტიკაში იშვიათი ხილია. ყალბად გულახდილი ინტერვიუები ბევრი გვინახავს, თუმცა ყალბი გულახდილობის ნოტებიც დაგვიჭერია. აქ ასეთი ნოტა ვერცერთი ვნახე. ადამიანი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს. აჩვენებს, რა ინტერესი გააჩნია მას ამ ქვეყნის მიმართ, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ამის მერე საზოგადოებაში თუ კიდევ ვინმეს დარჩება კითხვა იმის თაობაზე: რატომ გადადგა გიორგი კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, თუ ალავიძე, დენდროლოგიურ პარკთან მიმართებაში რა სიკეთე კეთდება ამ ქვეყნისთვის, კონკრეტული მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, თუ კიდევ დარჩა კითხვა – ეს იქნება ბოროტი, ტენდენციური, ამ ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანის პოზიცია”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გუშინ „პირველი არხის“ ეთერში გავიდა. ყოფილი პრემიერის შეფასებით, კვირიკაშვილის მართვის მეთოდმა განაპირობა ის, რომ გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. „კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარ შეეძლო მართვა და მართვის ის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად გუნდურ მართვაში და მით უმეტეს, პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი, ფაქტობრივად, ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები