წალკაში, ბერთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბერთაში (ძველი ოლიანქი) მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 21 ივნისის  ბრძანებით მიიღო.
ეკლესია სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის ეზოშია მოქცეული.
წარმოადგენს მცირე დარბაზულ ეკლესიას. ნაგებია დამუშავებული მოწითალო ფერის ქვით. უაბსიდოა. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. მათგან დასავლეთის სარკმლის საპირე გარედან ოთხფურცელა ფორმისაა. გადახურულია ბერძნული კრამიტით.
ეკლესია დგას წყაროზე. ტაძრის ქვეშ და აღმოსავლეთი კედლის გაყოლებაზე ტაძრის თანადროული აუზია მოწყობილი, რომელშიც კალმახები ბუდობენ. ტაძრის აღმოსავლეთი კედლის ძირში მცირე თაღია გაკეთებული, საიდანაც კალმახები ტაძრის ქვეშა აუზიდან ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე ნაწილში გამოდიან.
ამ პატარა ტაძრის გარდა, მონასტერი მოიცავს უკანასკნელ პერიოდში აშენებულ ოთხ მოზრდილ სხვადასხვა ფუნქციის შენობას. შემოზღუდულია გალავნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები