მარიამ ფირცხალაიშვილი: საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის სტანდარტებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე სფეროში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, არსებობს თუ არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმი და ძირითადად, რა სფეროში ირღვევა აღნიშნული უფლებები. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით, 1571, 1572, 1573 მუხლებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმ(ებ)ს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ორგანიზაციამ 2018 წლის 18 მაისს დასახელებულ უწყებებს ინფორმაციის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შესაბამისი და მკაცრი რეაგირება არ ხორციელდება.
„მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2018 წლებში სამინისტროს დანაყოფების მიერ სამართალდამრღვევი პირის გამოვლენის ფაქტები საავტორო უფლებათა დარღვევის მიმართულებით არ ფიქსირდება. ამ მიმართულებით, 2014 წელს გამოვლენილი იქნა მხოლოდ 2 სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, რომელთაც ჯარიმის სახით დაეკისრათ 500 ლარი. ანალოგიურად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2015-2018 წლების განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. რაც ეხება, 2014 წელს – გამოვლინდა 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც ეხებოდა შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირებას ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლას, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერ შეძენას, იმპორტს, შენახვას, გაყიდვას, გაქირავებას ან სხვა უკანონო გზით გამოყენებას, აგრეთვე, შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სხვა დარღვევას. აღნიშნულ შემთხვევებზე შედგენილ იქნა სამართალდარღვევების ოქმები და განსახილველად გადაიგზავნა განსჯად სასამართლოში. აქედან, 2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, ერთ პირს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 2 საქმეზე სამართალდამრღვევ პირებს სახდელის სახით დაეკისრათ 500-500 ლარიანი ჯარიმა.
ორგანიზაციამ მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა სასამართლოსთვის მიმართვიანობის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით 2015 წელს ჯამში 162 სარჩელი აღიძრა, 2016 წელს – 156, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში კი – 69. რაც ეხება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით დასჯადი ქმედების სტატისტიკას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი სახით ინფორმაციის სტატისტიკური აღრიცხვა, დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსდება, არ ხორციელდება“, -აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატებში“
ორგანიზაცია წარმოდგენილ მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის მიმართულებით სახეზეა კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ჩართულობის ნაკლებობა. კერძოდ, არ ხდება შესაბამისი სანქციის გამოყენება, რომელიც სამართალდარღვევათა აღკვეთის ან შემცირების ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით უფლებათა დარღვევის მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით, ორგანიზაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, მათთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტური გამოყენებისაკენ, რაც თავის მხრივ შეამცირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის მზარდ მაჩვენებელს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით უფლებათა დაცვის სტანდარტის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები