მენინგიტის 44 ფაქტი თბილისში – მათგან ყველა ბავშვია

თბილისში მენინგიტის შემთხვევებმა იმატა. ამჟამად, მენინგიტის ინფექციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტი მკურნალობს, ხოლო იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამავე პათოლოგიით 30-მდე, სხვადასხვა ასაკის ბავშვია მოთავსებული. მათ შორის თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან. როგორც „კვირას“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა გია დეისაძემ განუცხადა, 14 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში არც ერთი მათგანი არ არის მოთავსებული.
მენინგიტის კერა თბილისის 208-ე საჯარო სკოლაში გამოვლინდა. სასწავლო დაწსებულების სამი მოსწავლე დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული. დაავადების კერის აღმოსაფხვრელად, სკოლის დირექტორმა სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეების ვირუსული მენინგიტით დაავადება გახდა. სასწავლო პროცესი ხვალ, 15 მაისს განახლდება, – ამის შესახებ „კვირას“ საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ბილიხოძემ განუცხადა.
მისი თქმით, მან სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო. ქეთევან ბილიხოძე ამბობს, რომ მენინგიტის ინფექცია სკოლაში 8 მაისს დაფიქსირდა.
„თავდაპირველად მენინგიტის ინფექცია მე-6 კლასელს აღმოაჩნდა. ამის შემდეგ, დღესასწაულების გამო, რამდენიმე დღით დასვენება იყო გამოცხადებული. ერთ-ერთი მშობლისგან შევიტყვე, რომ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებსაც აღმოაჩნდათ მენინგიტის ვირუსული ინფექცია. ჩვენი სკოლის სამი მოსწავლე თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოშია მოთავსებული.
არდადაგების შემდეგ, მშობლების მოთხოვნით სკოლაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან სპეციალისტები მოვიწვიე და სკოლის შენობაში დეზინფექცია ჩატარდა. ამიტომ დაავადების განვითარების კერის აღმოსაფხვრელად დეზინფექცია სწორედ იმ კლასებში ჩატარდა, სადაც მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მე-6 კლასისა და მე-8 კლასის მოსწავლეებს მენინგიტის ინფექციის საწინააღმდეგო ნაცხის ანალიზი ჩაუტარა, რომლის პასუხები უახლოეს ორ დღეში იქნება ცნობილი“, – აღნიშნა ქეთევან ბილიხოძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, თბილისის 208-ე საჯარო სკოლაში ვირუსული მენინგიტის მხოლოდ ორ შემთხვევას ადასტურებენ. როგორც “კვირას” ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, მენინგიალური ნიშნებით ამ დროისთვის ორი ბავშვია ჰოსპიტალიზებული, მესამე – კი ინტოქსიკაციით. მისი თქმით, ბავშვები ამჟამად თბილისის სხვადასხვა კლინიკაში არიან განთავსებულები და თავს კარგად გრძნობენ. ზახაშვილის განმარტებით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე, სავარაუდოდ, ვირუსული წარმოშობის მენინგიტის ფორმა, თუმცა ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 208 -ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ერთ-ერთი მათგანი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები