სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს კვლავ საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენა ემუქრებათ
სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლების დიდი ნაწილი, წინა წლის მსგავსად, სავარაუდოდ, შვილების საბავშვო ბაღში შეყვანას ვერ შეძლებს. თბილისში არსებული ბაგა-ბაღების რაოდენობას მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი შეემეტა. როგორც „კვირას“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განუცხადა, პრობლემის მიზეზი ბაღების სიმცირეა, გამოსავალი კი მხოლოდ ახალი ბაღების მშენებლობაა.
რამაზ სულამანიძის ინფორმაციით, დედაქალაქში ერთი ახალი ბაღი გაიხსნა, ხოლო უახლოეს პერიოდში სამი ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება.
„მოთხოვნა ძალიან დიდია. რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა. პრობლემები რეგისტრაციის პროცესში გამოჩნდება, თუმცა მერიაზე დაქვემდებარებულ სახელმწიფო საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა დიდია. გამოსავალი ახალი ბაღების მშენებლობაა, რასაც დრო სჭირდება. რამდენიმე ბაღი მერიის დაქვემდებარებაში გადმოვიდა და სახელმწიფო ბაღი გაიხსნა. მაგალითად, დიდუბეში ერთი კვირის წინ გაიხსნა ახალი ბაღი. სამი ბაღის მშენებლობა უახლოს პერიოდში დაიწყება. არჩევნების მერე ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება მერიას და მათთან ერთად მოხდება ამ საკითხების განხილვა“, – განაცხადა რამაზ სულამანიძემ.
წინა წელს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საბავშვო ბაღები უფასო გახადა, ბაღში შვილის შეყვანის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, რის გამოც უამრავი ბავშვი გარეთ დარჩა. აღშფოთებული მშობლები ჩიოდნენ, რომ სააგენტოს ვებგვერდზე ინტერნეტით რეგისტრაცია შეუძლებელი იყო, ხოლო ადგილზე რეგისტრაციისას ბაღის დირექტორები გადატვირთულ ბაღებში ბავშვებს პროტექციით იღებდნენ. თბილისის საკრებულოს წევრის გულიკო ზუმბაძის განმარტებით, პრობლემის მოხსნის მიზნით საკრებულომ ბიუჯეტში 9 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაგეგმა. მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 9 ახალი საბავშვი ბაღის მშენებლობისთვის საკმარისი თანხა ვერ წარმოდგინა.
„ჩვენ ბიუჯეტში 9 საბავშვო ბაღის მშნებლობა დავგეგმეთ. სააგენტომ ადეკვატური თანხა ვერ წარმოადგინა. პირად საუბრებში გაირკვა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნებოდა 9 ბაღის მშენებლობისათვის. ამ ეტაპზე 3 საბავშვო ბაღის პროექტი დასრულებულია, ერთის მთავრდება, ორი ბაღის პროექტის მშენებლობა მალე დაიწყება. კანონმდებლობით არჩევნების პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებები აკრძალულია. ახალი მოწვევის საკრებულოში შეკრებისთანავე გვექნება შესაძლებლობა, განვახორციელოთ ცვლილებები და სწრაფად დავიწყოთ პრობლემის მოგვარება. ბაგა-ბაღების მოთხოვნის მიხედვით ყველაზე კრიტიკულ რაიონები არის აფრიკისა და სამგორის ტერიტორია, ასევე ლილოს დასახლება. საბავშო ბაღების მიღმა დაახლოებით 5000 ათასი აღსაზრდელი დარჩა“, – აღნიშნავს გულიკო ზუმბაძე.
მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრების მერიისა და ბაღების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება, რადგან გაერკვნენ, თუ რა ვითარებაა საბავშვო ბაღების მშენებლობის თვალსაზრისით.
„ვაპირებთ, შევხვდეთ, სააგენტომ და მერიამ ჩაგვაყენოს საქმის კურსში, თუ რა ვითარებაა ამ წუთის მდგომარეობით, რა უშლის ხელს მშენებლობის დაწყებას. სექტემბერი მალე მოვა და საკრებულოს უნდა ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა რა სიტუაციაა საბავშვო დაწესებულებებთან მიმართებაში“, – აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების თარიღსა და პირობებს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა, როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განაცხადა, ბავშვებს საბავშვო ბაღებიდან ივნისის ბოლო კვირაში დაითხოვენ, ხოლო რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება. მისივე თქმით, ამჟამად არც ისაა დაზუსტებული, რეგისტრაციისას პრიორიტეტი კვლავ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს მიენიჭებათ, თუ არა. გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის პირობები იგივე უნდა იყოს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს პრიორიტეტი მიენიჭოს.
შეგახსენებთ, რომ წინა წლის რეგისტრაციის პირობების მიხედვით, თბილისის საბავშვო-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 ივლისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. აღნიშნული 10 დღის განმავლობაში დარეგისტრირება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეეძლოთ. შემდეგი 10 დღის განმავლობაში (10 ივლისიდან 20 ივლისამდე) კი დედმამიშვილების რეგისტრაციის პროცესი შედგა. შემდეგი ეტაპი კი, რომელიც 20 ივლისს დაიწყო და მთელი წლის მანძილზე უწყვეტად გაგრძელდა, ყველა ბავშვის რეგისტრაციას მოიცავდა. ამის მიუხედავად, ბავშვთა ბაღების სააგენტოში რეგისტრაციის მესამე ეტაპზე იყვნენ ისეთებიც, ვინც წინა, სხვა ეტაპების დროს ვერ დარეგისტრირდა.