გიორგი მარგველაშვილი: მე მოვითხოვე ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ინტენსიფიკაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ სამიტზე აკრედიტებული მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა და ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ბრიუსელის ნატოს სამიტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც ფაქტიურად არის გარკვეული სამოქმედო გეგმა ამ არსებული წერტილიდან ნატოში გაწევრიანებამდე. რა არის უმნიშვნელოვანესი ამ დეკლარაციაში? პირველი ეს არის ის, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მიერ აღიარებულია რომ რუსეთი აგრესორია, რომელმაც მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. დეკლარაციაში მითითებულია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამ რეალობის აღიარების პარალელურად ნათლადაა განსაზღვრული, რომ საქართველო გახდება ნატოს წვერი და მესამე მომენტი: სანამ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ნატოში შემავალი ქვეყნები საქართველოსთვის მხარდაჭერის, და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების პროცესზე თანხმდებიან. შემიძლია გითხრათ, რომ იგივე სულისკვეთება დადასტურდა ჩვენს ორმხრივ შეხვედრებშიც, სადაც ჩვენ კონკრეტულად ვისაუბრეთ რა ფორმით და რა ინტენსივობით გაიზრდება ნატოს მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების მიმართულებით და რა ფორმით იქნებიან ჩართული სხვადასხვა ქვეყნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.

დაბოლოს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომელიც ავსებს საქართველოს თემას. ეს არის ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და აქაც საქართველო არის მოწვეული, რომ ინტენსიურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. აი ასეთი ფონით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ინტეგრაციის მიმართულებით. იმ თემაზე, რაზეც დღეს ალიანსი მსჯელობს – ტვირთის სამართლიანად გაზიარების საკითხზე, საქართველო ძალიან მხრებში გაშლილია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მიმართავს, ამ თანხის 20%-ს კი მიმართავს შეიარაღების შეძენაზე, რაც ის სტანდარტებია, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაა დადგენილი. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც უაღრესი პასუხისმგებლობა აჩვენა გლობალური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ის, რომ ჩვენი 870 სამხედროს ყოფნა ავღანეთში ის სტანდარტია, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, როდესაც საქმე ეხება სულ მოსახლეზე გათვლას. საქართველო ამ შემთხვევაში ლიდერია და არაწევრი ქვეყნების თვალსაზრისით, რაოდენობითაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ავღანეთის მომავალზე, უსაფრთხოებაზე და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები ასრულებენ. კიდევ ერთხელ, ამ ბრიფინგიდანაც მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ სამხედროებს, რადგან მათი გმირობის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ვსაუბრობთ რუსეთის საფრთხეზე. როდესაც განვიხილავთ რუსეთის ფაქტორს, ანუ იმ ფაქტორს, რომელიც გამოწვევაა ნატოსთვის. საუბარი იმაზე, რომ ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს მეტი ტვირთი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ გაერთიანებული და ძლიერი რუსეთის საფრთხის დასაბალანსებლად. ეს იმის გააზრების წინაპირობაა, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თითოეულმა ქვეყანამ მეტი რესურსი უნდა ჩადოს. თუ ვსაუბრობთ, რომ საფრთხე არ არსებობს, გამოწვევები არ არის, მაშინ რა საჭიროა უფრო მეტი გაერთიანება და უფრო მეტი რესურსის მობილიზება? აქიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, საუბარი იყო ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ეს გამოწვევა რუსეთია და ყველამ გავიაზროთ და გავიღოთ მეტი რესურსი, იმისთვის რომ ეს გამოწვევა არ გადაიქცეს უფრო სერიოზულ საფრთხედ.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა დააფიქსირეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველო თან ოკუპირებულია და თან გახდება ნატოს წევრი. ამ პროცესის დასასრულის წინასწარმეტყველება დროის თვალსაზრისით მიჭირს. მე შემიძლია გითხრათ ჩემი პოზიცია რაში მდგომარეობდა: – სწორედ ამ რეალობაზე და იმ ძალიან დიდ წვლილზე დაყრდნობით, რომელიც საქართველომ გაიღო ნატოს წევრობისთვის, იმ მნიშვნელობაზე დაყრდნობით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, მე მოვითხოვე ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ინტენსიფიკაცია. ეს იყო ჩემი პოზიცია, ეს მესიჯი იყო, რომ უნდა გადაიდგას უფრო სწრაფი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. უფრო სწრაფი არის ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ. დეკლარაციაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი, იმ თემის შემადგენელი ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რასაც MAP-ს ეძახიან და დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსი ამ 29 ქვეყანას შორის. აქ მე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ იმ სპეციფიკას, რაც სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია. სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობდა პრაქტიკულ მექანიზმებს ქვეყნის წევრობისთვის მოსამზადებლად და ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, აი ამ ნაწილში საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. საქართველოს გააჩნია ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ მოემზადოს და იყოს იმ სტანდარტებზე, რომელიც ნატოს წევრობას გულისხმობს. საქართველო ხაზგასმით აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა ასპირანტ ქვეყნებს შორის. ანუ რა არის დარჩენილი? დარჩენილია MAP-ის, სამქომედო გეგმის პოლიტიკური შემადგენელი.

ეს პოლიტიკური შემადგენელი უფრო მეტად ნატოს წვერი ქვეყნების მზაობაზეა დამოკიდებული, ვიდრე იმ საშინაო დავალებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს შესასრულებელი და რომელშიც ჩვენ ვართ აღიარებული როგორც ლიდერი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს ახალ სათავო ოფისში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები