მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 38 დღიანი მარხვა უძღოდა. ის 4 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები