მამუკა ბახტაძე: სხვადასხვა უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება

„წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება, გაყიდული მანქანებიდან მიღებული თანხებით მოხდება სპეციალური ავტომობილების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და ა.შ.“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 1000-მდე მანქანა ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა სარეალიზაციოდ.

„გარკვეულ სტრუქტურებში, ის ხარჯი, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი და ამ კუთხით პრინციპული ნაბიჯებია გადასადგმელი. მთავრობის სტრუქტურების ცვლილების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი დაახლოებით 1000 ავტომობილით შემცირდება. აღნიშნული მანქანები გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს რეალიზაციისთვის და მათ მაგივრად მოხდება სპეციალური ავტომანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოსდაცვითი ოპერაციებისთვის და მსგავსი სპეციალური საჭიროებებისთვის, რათა ჩვენმა ორგანოებმა შეძლონ უკეთესად ფუნქციონირება. ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. დაახლოებით 500 ე.წ. მიკუთვნებული მანქანა გადაინაცვლებს სამორიგეო პარკში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს ნაბიჯები პირველია იმ იდეის გარშემო, რაც ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნას გულისხმობს.

„ჩვენ აუცილებლად მოვაყოლებთ სხვა ინიციატივებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ერთიანი პარკის და მისი მენეჯმენტის შექმნის იდეას, რომელიც უფრო მეტ ოპტიმიზაციას გააკეთებს და საშუალებას მოგვცემს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო დავზოგოთ ხარჯები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები