რომან კაკულია: მცირე მთავრობა გარდაუვალიცაა, ეფექტიანიც და სამართლიანიც ისეთი შემოსავლების მქონე ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა

მცირე მთავრობა გარდაუვალიცაა, გაცილებით ეფექტიანიც და სამართლიანიც ისეთი შემოსავლებისა და ისეთი განვითარების მქონე ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კაკულიამ აღნიშნა, მცირე მთავრობის კონცეფცია ძალიან პოზიტიური ნაბიჯია.
„პირველ რიგში, როდესაც შენ გაქვს ეკონომიკური განვითარების ის დონე და მაჩვენებლი, რომელიც გაქვს და საუბრობ, გარკვეულწილად სიღარიბესა და დოვლათის გადანაწილების პრინციპის სამართლიანობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს აღქმა იმისა, რომ მთავრობა საკუთარ თავზე ხარჯავს გონივრულ თანხას.
ეს მყისიერად მიღწევადი შედეგი, ცხადია, არ არის, მაგრამ ამის პირველი ნაბიჯია ორგანიზაციულად, სტრუქტურულად შეამცირო მთავრობა და მასში ასახო მაქსიმალურად, შემჭიდროებულად ის საჭიროებები, რომელსაც ქვეყნის მართვის საჭიროებები განაპირობებს. შემდეგ ეტაპობრივად უზრუნველყო ის, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით მაქსიმალურად შემცირდეს ხარჯები, როგორც საოპერაციო ხარჯები, შესაძლოა, შემდეგ ვილაპარაკოთ გარკვეული ტიპის შემცირებებზეც, ოღონდ აქ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მყისიერად არ მოხდება და შესაძლებელია, ჩემი აზრით, მხოლოდ ძალიან გრძელვადიანი კომპენსაციების მექანიზმის შემოღების პარალელურად, რომელზეც შემიძლია, სიამოვნებით გავმართო კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც ამის ორგანიზატორები იქნებიან“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
ცნობისთვის, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ხედვა, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია.
„დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ „მცირე მთავრობის” კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით, სახელმიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება”, – განაცხადა პრემიერმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები