სოზარ სუბარი მესტიაში იურიდიული დახმარების ცენტრის გახსნას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, იურიდიული დახმარების სამსახურისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მესტიაში იურიდიული დახმარების ცენტრის გახსნას დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიხსნა, რომელიც მესტიისა და მიმდებარე სოფლების 14 ათასზე მეტ მაცხოვრებელს მოემსახურება. უფასო იურიდიული კონსულტაციითა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის სერვისით სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს. სოზარ სუბარი მესტიაში საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ინიციატივით ერთი წლის წინ გამოვიდა, როდესაც იურიდიული დახმარების სამსახური ჯერ კიდევ სამინისტროს შემადგენლობაში იყო.
მესტიის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის მეჩვიდმეტე ოფისია საქართველოში. 2007 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 6 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოეყო და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. მისი მიზანია ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ეროვნული უმცირესობებისა და დევნილებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები