ოზურგეთის თეატრის 150 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო გაიმართება
5 ივლისს, 16:00 საათზე, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თაღებში და მიმდებარე მოედანზე თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, 5 ივლისს დაგეგმილია:
1. საიუბილეო წიგნი ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია;
2. კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების საპატიო ცერემონია;
3. საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიით თეატრის მსახიობების დააჯილდოების ცერემონია;
4. ამავე დღეს თეატრის თაღებში გაიხსნება ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი;
5. თეატრის იუბილეს ეძღვნება ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისს ჩოხატაურში, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“ გაიხსნება და თეატრის უკლებლივ ყველა მსახიობს აერთიანებს.
6. შედგება ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია.
5 ივლისს, ოზურგეთი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან, არამედ უცხოეთიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც სამართლიანად ატარებს დღეს ოზურგეთის თეატრი.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე, რომლის ძალისხმევითაც და ფონდი „ქართუს“ ფინანასური უზრუნველყოფით ოზურგეთის ისტორიული შენობის რესტავრაცია მიმდინარეობს.