პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ ​

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეხვედრაზე კომისიის მუშაობის მიმდინარეობასა და მის მიერ ინიცირებული ორი რეკომენდაციის შესახებ იმსჯელეს.

„ეს რეკომენდაციები რამდენიმე დღის წინ იქნა ინიცირებული. საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ განხილული ყოფილიყო კომისიის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომისია კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას გამოსცემს.

„მას შემდეგ, რაც შევხვდებით არასრულწლოვნებს და დავკითხავთ სხვა მოწმეებს, ჩვენ გვექნება სხვა მიმართულებითაც კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული დასკვნები. გვექნება ასევე, საბოლოო დასკვნა”, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომისიის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა. მისივე თქმით, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე.

„შეხვედრაზე ძალიან საინტერესო, სხვადასხვა აზრები გამოითქვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მათ შორის, გახმოვანდა პოზიცია, ხომ არ არის ნაჩქარევი ერთ-ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე პირები ჯერ-ჯერობით გამოკითხულები არ არიან და ჩვენც ამას ვამბობდით ბოლო დღეების განმავლობაში. მეორე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, შეიძლება, თანხმობაც კი იყოს, იმიტომ, რომ ეს არ არის მაინცდამაინც პრაქტიკული და პრინციპული საკითხი, შესაძლებელია, დავეთანხმოთ კიდევაც. ასევე, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რამდენად აქვს კომისიას უფლება, გასცეს რეკომენდაცია ამ ეტაპზე რეგლამენტის მიხედვით და ამ ტიპის რეკომენდაცია, რომ, ზოგადად, არა გამოძიება, არამედ, კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული. ამასთან დაკავშირებით, გვექნება მსჯელობა, 14:00 საათზე, შეხვედრაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები