,,ხვალ ახმეტელს დახვრეტენ”…

„დღეს 28 ივნისია! ხვალ კი სანდრო ახმეტელს დახვრეტენ“!.. ასე ეხმაურება დიდი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის დახვრეტის დღეს – 29 ივნისს ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„ასე დაასათაურა ერთ-ერთმა გაზეთმა სტატია რამდენიმე წლის წინ და ეს სამი სიტყვა მრავალნიშვნელოვნად გაისმა. პირველ რიგში, გაფრთხილებად, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სწორედ ადამიანების უღმერთობითა და შეცოდებით, ცილისწამებით და დაუნდობლობით, შურითა და დასმენით იწირებიან პიროვნებები და რომ ადამიანთა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ნება, გაანადგუროს მასზე უკეთესი, იგივეა, რაც ბოლო ნაბიჯი დიქტატურამდე…
სანდრო ახმეტელის 100 წლის იუბილეზე, ფოტო და დოკუმენტების გამოფენაზე ჩემი ყურადღება მიიქცია წერილმა – დოკუმენტმა, რომელსაც სანდრო შანშიაშვილი აწერდა ხელს. მოგეხსენებათ, იგი მაშინდელი რუსთაველის თეატრის რეპერტუარის წამყვანი ფიგურა გახლდათ…
,,მე და ჩემს მეგობარს, სანდრო ახმეტელს ერთნაირი ჰაერით გვისუნთქია და ერთნაირი მცხუნვარე მზის სხივებით დავმწვარვართ თავისუფალი ქიზიყის ცივგომბორის მთაგრეხილებზე.
იქაურმა ბუმბერაზმა ბუნებამ, ალაზნის მუხნარმა და ატეხილი კახეთის ზვრებმა ბავშვობაშივე ჩაგვიქსოვა გრძნობის უტეხობა და ბრძოლის წყურვილი უკეთესი მომავლისათვის.
მახსოვს ამ ოცი წლის წინად, ჯერ კიდევ სტუდენტებმა, სამგორის ტრიალ მინდორზე ერთმანეთს შევფიცეთ გვებრძოლნა საქართველოს თავისუფლებისათვის. ეს ფიცი დღესაც ძალაშია შეტანილი კულტურულ ფრონტზე.
უნდა დავიპყროთ თეატრისათვის თვალის მომჭრელი სიმაღლეები, როგორც დაიპყრო თავის დროზე პოეზიაში რუსთაველმა!
სანდრო შანშიაშვილი,
1934 12-ივნისი.
რუსთაველის თეატრის იუბილის მეოთხე  დღე, როდესაც დაიდგა ,,ინ -ტირანოსი”.
როგორც ვნახეთ, მეტად საინტერესო დოკუმენტია და თარიღად 1934 წელი უზის! სულ ერთი წლის მერე, კიროვის მკვლელობით ქვეყანაში ფაქტობრივად დაიწყება ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი წელი!
დღეს 28 ივნისია!
ხვალ კი სანდრო ახმეტელს დახვრეტენ“!.. – წერს ნოდარ პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები