„დამწერლობა ქართული” და „მოხატული კერამიკა“ – ქვემო ქართლში ახალი შემეცნებითი პროექტების წარდგენა გაიმართება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსაზრდელებისთვის აგრძელებს ახალი შემეცნებითი პროექტების – „დამწერლობა ქართული” და „მოხატული კერამიკის“ განხორციელების პროცესს.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პროგრამის პრეზენტაციას სააგენტოს სპეციალისტები ქვემო ქართლის 3 მუნიციპალური ერთეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის განახორციელებენ.
27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით წარმართულ საგანმანათლებლო-შემეცნებით კურსს ბოლნისის, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები გაივლიან. ქვემო ქართლში შემეცნებითი პროექტების პრეზენტირების ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტის“ წევრებმა შესთავაზეს, რომლებიც პროექტების განხორციელების ეტაპებში თანაორგანიზატორების რანგში ჩაერთვებიან.
პროგრამა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბაბის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს. პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნობიან ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს; სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით, მათ ასომთავრული ტექსტების ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცემათ. პროგრამა „მოხატული კერამიკის“ ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსაზრდელებს მიეცემათ თიხის ჭურჭლის მოხატვის საშუალებაც.
შემეცნებითი კურსი, რომელსაც თავად სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლები წარმართავენ, ქვემო ქართლის მოსწავლე- ახალგაზრდების შემდეგ, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებების აღსაზრდელებსა და სტუდენტებსაც მოიცავს. ამ დრომდე აღნიშნული პროგრამები სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისისა და ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აღსაზრდელების პარალელურად, ქალაქ კრაკოვში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც გააცნეს.