ელტონ ჯონის კონცერტზე მოხვედრის მსურველები სპეციალური მატარებლით ისარგებლებენ

30 ივნისს და 1 ივლისს, „შავი ზღვის არენაზე“, ცნობილი ბრიტანელი პოპ და როკმუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება.
ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს –  „Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შარშან შეძენილი ბილეთებით ელტონ ჯონის კონცერტზე შესვლა შესაძლებელია ასე: ვისაც 16 სექტემბრის ბილეთი აქვს,  დაესწრება 30 ივნისის კონცერტს, 17 სექტემბრის ბილეთით კი – 1-ლი ივლისის კონცერტს.
ბილეთების ფასი 30 ივნისს 140 ლარიდან, ხოლო 1 ივლისს 50 ლარიდან იწყება.
ლეგენდარული მომღერლის კონცერტზე მოხვედრის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, სპეციალურად დანიშნული მატარებლით ისარგებლონ.
თბილისი – Black Sea Arena – ბათუმის მიმართულებით მატარებელი 30 ივნისსა და 1 ივლისს თბილისიდან 14:10 საათზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე გაჩერდება. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქანიდან თბილისის მიმართულებით 00:15 წუთზე გავა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩავა.
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი 27, 28 და 29 ივნისსაც დაინიშნება. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური სადგურის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის ოფიციალური ვებგვერდისა და აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეუძლიათ.
კონცერტის ორგანიზატორები არიან: SOLO  და Eastern Promotions.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები