„ისუნთქე“ – ჯგუფური გამოფენა გაიმართება
28 ივნისს, 19:00 საათზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ტატიანა ფიოდოროვას სახელოვნებო რეზიდენციის შედეგები და ჯგუფური გამოფენა – „ისუნთქე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სახელოვნებო კვლევის შედეგად შექმნილი ხელოვანთა წიგნები, რომლებიც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით შეეხება აბრეშუმის წარმოებას, მისი რეალიზაციის პროცესს, მუზეუმის ისტორიას, საბჭოთა აბრეშუმის ფაბრიკების მუშაობის სპეციფიკას და დღევანდელ ვითარებას.
ვორკშოფის მონაწილე ხელოვანებმა, თამარ ბოჭორიშვილმა, ნაილი ვახანიამ, ნინო ზირაქაშვილმა და ნინი ჯინჭარაძემ ერთი თვის ფარგლებში ინტენსიურად ითანამშრომლეს ტატიანა ფიოდოროვასთან, შეისწავლეს ხელოვანის წიგნის დამზადების ტექნიკა და განავითარეს ინდივიდუალური კონცეფციები რეზიდენციის თემატიკის ირგვლივ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება მოწვეული ხელოვანის, ტატიანა ფიოდოროვას საუბარი საზოგადოებასთან, სადაც ის საკუთარ შემოქმედებას წარადგენს, ასევე, რეზიდენციის ფარგლებში მუშაობასთან დაკავშირებით გაიმართება ჯგუფური დისკუსია მონაწილე ხელოვანებთან ერთად.
2018 წლის ივნისის თვეში, აბრეშუმის მუზეუმმა, პლატფორმა Art Prospect-ის ფარგლებში მოლდაველი ხელოვანის, ტატიანა ფიოდოროვას სახელოვნებო რეზიდენციას უმასპინძლა. რეზიდენცია ასევე იყო მუზეუმის ზრდასრულთა საზაფხულო სკოლის პროგრამის ნაწილი და მოიცავდა პრაქტიკულ ვორკშოფს ხელოვანის წიგნის შესახებ, რომელსაც უშუალოდ ტატიანა ხელმძღვანელობდა. რეზიდენციის თემატიკა შეეხებოდა აბრეშუმის წარმოებას და ტექსტილის ინდუსტრიას საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდში.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ტატიანა ფიოდოროვას რეზიდენცია არის ნაწილი პროექტისა Platform Art Prospect, რომელსაც მხარს უჭერს ორგანიზაცია CEC ArtsLink.