ნიკო დადიანის სასახლის რესტავრაცია მალე დასრულდება
უახლოეს პერიოდში სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს. როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობიდან აცნობეს, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარესტავრაციო სამუშაოების IV – დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს.
ფიზიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
რესტავრაციის დაწყებამდე ევროპული სტილის სასახლე, რომელსაც ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი აქვს, წლების განმავლობაში დანგრევის პირას იყო მისული და ბოლო პერიოდში ვიზიტორებს უსაფრთხოების მიზნით ვეღარ იღებდა. განსაკუთრებულ პრობლემას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სახურავიდან ჩამონადენი წყალი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვილი წვიმის წყალი უქმნიდა, რომელიც საძირკველს აზიანებდა.
განვლილი 3- წლიანი სარესტავრაციო პროცესის მანძილზე სასახლეში კაპიტალურად გამაგრდა შენობის კონსტრუქციული სეგმენტები. სრულად შეიცვალა სახურავი. განახლდა სართულშუა კოსტრუქციები და იატაკი. სასახლის სარდაფები გაიწმინდა წლობით დაგროვებული მიწისა და ნაგვის მასისაგან, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინტერიერის ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებას ქმნიდა. შენობის ქვედა სართული მთლიანად მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. სასახლის ექსტერიერი მთლიანად გაიწმინდა ძველი, დაზიანებული ნალესობისგან, რომლის ნაცვლად შენობის ფასადები სრულად შეილესა და დამუშავდა ჰიდროსაიზოლაციო ხსნარებით. სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯრები.
სასახლეში ამჟამად მიმდინარეობს ფასადებისა და ინტერიერის სამღებრო სამუშაოები. უკვე სრულადაა შეცვლილი შენობის ამორტიზებული ხის მოსაპირკეთებელი კონსტრუქციები. ახლიდან მოეწყო აივნების მზიდი კონსტრუქციები, რომლებიც ხის მასალით შეიმოსა. მოეწყო შენობის სადრენაჟო სისტემა.
ნიკოსეული სასახლის სარესტავრაციო სამუშოებზე, რომელსაც არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებს, 2 მილიონ ლარამდე თანხა იხარჯება.
სარესტავრაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მისი ადმინისტრაცია დაიდებს ბინას. სასახლეში გამოიფინება ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული – XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც ამჟამად სამუზეუმო ფონდებშია დაცული.
ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მთავარი ნაგებობის – ეკატერინე დედოფლის სასახლის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს. სააგენტოს ინიციატივით უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა“ და „იკომოს საქართველოს“ მიერ განხორციელდა.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული და ის 4 ძირითად ობიექტს მოიცავს: დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული ბოტანიკური დეკორატიული ბაღი.
ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. ორსართულიანი რეზიდენცია გამოარჩევს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ -საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.