მძღოლს, რომელიც საჭეს მთვრალი მართავდა და ფეხით მოსიარულე შეიწირა, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ფეხით მოსიარულის სიცოცხლე შეიწირა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის მოხდის შემდეგ 1 წლის ვადით მართვის მოწმობა ჩამოერთვა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მძღოლის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
საქმე ეხება, 2016 წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შეასრულა არასწორი მანევრი და ავტომანქანა „ჰონდა ფიტ“-ით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ. ტ.-ს. დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით გარდაიცვალა.
საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. სასამართლომ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ვიდეო-ფირის დათვალიერების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები, ალკოჰოლური თრობის დასკვნა და საქმეში არსებულ მასალათა შეჯამების შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 1 წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.
შ.ჯ. საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს“ – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები