„მარტყოფის ტრაგედიის მიზეზები და კათოლიკოს კირიონის მკვლელობის ვერსიები” – სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
27 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „მარტყოფის ტრაგედიის მიზეზები და კათოლიკოს კირიონის მკვლელობის ვერსიები”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენცია მიეძღვნება 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში დატრიალებულ ტრაგედიას.
მთავარი მომხსენებელი – პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 30 ივნისს მწუხარებით იტყობინებოდა: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს დილით გაემგზავრა მარტყოფში.… ივნისის 27-ს კი იგი იპოვეს მიცვალებული მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო ბინაზე, მის საწოლ ოთახში… ცეცხლისა და წამების ალში გაწმინდა კათოლიკოსმა კირიონმა თავისი სული საქართველოსათვის ტანჯვით და თუ ვინმეს ჰქონდა უფლება, ყველაზე ადრე იგი უნდა ზიარებოდა საქართველოს ბედნიერებას.… მარტყოფის საიდუმლო გამოუცნობელია. რა მოხდა წმიდა ანტონის მონასტერში, დანამდვილებით არავინ იცის. საუკუნეებში წარხდომილმა უნეტარესმა კათოლიკოსმა საფლავში ჩაიტანა მარტყოფის ტრაგედიის ახსნა, მის სასიკვდილო იარაზე მიკრული ხელი კი ჰფარავს უღრმეს მწუხარებასთან ერთად მივარდნილი მონასტრის საიდუმლოებასაც.”
“ჩაქრა ლამპარი, რომლის მსგავსი იშვიათად აინთება საუკუნიდან საუკუნემდე, ეს იყო კაცი არა მხოლოდ ბერი მღვდელმთავარი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო მოღვაწე, მოაზროვნე, მეისტორიე, დიდი მამულიშვილი”.(იოსებ იმედაშვილი).