საქართველოში შესაძლოა, პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქცია გადაიღონ

16-25 ივნისს, ჩინეთში შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე” იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე, პლატფორმის Belt and Road ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩინეთთან ერთობლივი წარმოების და ქართული ფილმების ჩინურ ბაზარზე დისტრუბუციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
Belt and Road 26 ქვეყანას აერთიანებს, წელს კი პლატფორმას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეუერთდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის მსვლელობისას უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქციის შესახებ. ფილმი რეალურ ისტორიაზე იქნება აგებული და იგი საქართველოში ჩაის კულტურის შემოსვლის შესახებ მოგვითხრობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კინოს მიმართულებით საქართველო ჩინეთთან წარმატებით თანამშრომლობს. პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ზედიზედ 2 წლის განმავლობაში (2017; 2018) ქართულმა კინომ ტრიუმფი მოახდინა და კინოფესტიალის ყველა მთავარი ჯილდო ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ (ჯამში 8 მთავარი ჯილდო). ჩინურ ბაზარზე უკვე გაყიდულია 2 ქართული ფილმის – „დედა” და „ნამე” დისტრიბუციის უფლება და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ 3 ქართული ფილმის გაყიდვის შესახებ. თბილისსა და ბათუმში კი უკვე დაწყებულია პირველი ჩინური სერიალის „ნიღაბი” გადაღებები, რომელშიც ჩინური კინოს ვარსკვლავები  მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები