„დინასტიები. პარალელური პერსპექტივები“ – ორ არქიტექტურულ ოჯახზე  გამოფენა გაიხსნება

27 ივნისს, 19:00 საათზე,  თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), საქართველო-გერმანიის 200 წლის ურთიერთობებთან დაკავშირებული არქიტექტურული გამოფენა – „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თემატური გამოფენა თავს უყრის თითქმის საუკუნოვან ისტორიულ-კულტურულ, კერძოდ, არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ორ ქვეყანაში, საქართველოსა და გერმანიაში, ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა და წარმოადგენს ორი განსხვავებული არქიტექტურული ოჯახის – ქურდიანებისა და ბიომების შემოქმედებას, მიმოიხილავს გენიალური არქიტექტორების შემოქმედებით ისტორიას და აქცენტებს აკეთებს მათ ცხოვრებისეულ პარალელებზე.
მუზეუმის 3 დარბაზში გამოიფინება 2 ცნობილი არქიტექტურული დინასტიის – ქურდიანებისა და ბიომების საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები…
არქიტექტურულ ფოტოგრაფიასთან ერთად დამთვალიერებელი ნახავს ოჯახების მდიდარ და უნიკალურ საარქივო, სამუზეუმო და საავტორო ფოტომასალას, ასევე, შენობა-ნაგებობების საარქივო ნახაზებს, მათ შორის, თბილისის ეროვნული სტადიონის არქიტექტურულ მოდელს; ფილმებს ბიომებზე და ქურდიანებზე; ბოლო წლების გერმანულ არქიტექტურულ გამოცემებს; ფრანკფურტის არქიტექტურის მუზეუმიდან ბიომების არქივს…
ეს შენობები დღეს როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ნაგებობები და ქვეყნის იერსახის, მისი იდენტობის განუყრელი ნაწილია. ამ შენობათა მაგალითზე წარმოდგენილია ყველა ის ეპოქა, რომელიც ორმა ქვეყანამ და ორივე ოჯახმა პარალელურად, თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვლო.
ბიომების ოჯახის უხუცესი, 98 წლის გოტფრიდ ბიომი, ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლეს არქიტექტურულ ჯილდოს “პრიცკერის პრემიას“ ფლობს. სწორედ ამ გამოფენის გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან სპეციალურად ჩამოვლენ გოთფრიდ ბიომის ვაჟიშვილები, ასევე ცნობილი არქიტექტორები – შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი და პაულ ბიომი.
გამოფენა  10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი არქიტექტორები:
გრიგოლ ქურდიანი (1873-1957), არჩილ ქურდიანი (1903-1988), ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი (1905-1988), გია ქურდიანი (1932-2014), არჩილ ქურდიანი, გიორგი ქურდიანი, დომინიკუს ბიომ (1880-1955), გოტფრიდ ბიომ, ელიზაბეტ ბიომ (1921-2012), შტეფან ბიომ, პეტერ ბიომ, პაულ ბიომ.
გამოფენის ავტორი და კურატორია ირინა ქურთიშვილი (კიოლნი).

გამოფენის თან ახლავს პროგრამა მოხსენებებით და კინოჩვენებებით:

28
ივნისი, 16:00 – 18:00  საათი
თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).

არნე შმიტის მოხსენება “მოგზაურობა ისტორიულ კიოლნში”; დისკუსია შტეფან ბიომთან, პეტერ ბიომთან და პაულ ბიომთან; მოდერაცია: ირინა ქურთიშვილი.
გერმანულ ენაზე ქართული თანამიმდევრული თარგმანით.

ყოველდღიური კინოპროგრამა:  29.06. – 10.09:

12:00 – 12:45
ფილმი 1 – დინამოსსტადიონი
რეჟისორი: შალვა შენგელი
დოკუმენტური ფილმების სტუდია „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“, 2010, 42.48′
ქართულ ენაზე
დოკუმენტური ფილმი ასახავს თბილისის “დინამოს “ სტადიონის მშენებლობისა და მისი რეკონსტრუქციის ისტორიას, 1936 წლიდან 2010 წლამდე. ფილმში გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები თბილისის სპორტული ისტორიიდან.

13:00 – 13:30
ფილმი 2: „ერთსულოვანი ოჯახი“
რეჟისორი: სოფო ჩაკვეტაძე
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, 2009, 29 წთ.
ქართულ ენაზე
დოკუმენტური ფილმი ქურდიანების ოჯახზე მოგვითხრობს ქართველი არქიტექტორების წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე.

16:00 – 17:30
ფილმი 3: „ბიომებიერთი ოჯახის არქიტექტურა“
რეჟისორი: მაურიციუს შტაერკლე დრუქს
გერმანია-შვეიცარია 2014, 84 წთ.
გერმანულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.

ფილმი მიმოიხილავს XX საუკუნის ეპოქას და გერმანიის დღევანდელობას; ფილმში საოცარი სიფაქიზითაა ასახული გერმანელი არქიტექტორების ოჯახის ისტორია და თითოეული ხელოვანის ერთმანეთთან დამოკიდებულება.

 მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.#8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები