ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. სწავლებაში აეროპორტის მიწისზედა მომსახურების, ფრენების კოორდინირების, აეროდრომის, საავიაციო უშიშროების, სამედიცინო და სახანძრო სამაშველო სამსახურები მონაწილეობდნენ, მასში ჩართული იყო იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.

სცენარის მიხედვით, აეროპორტის მიმდებარე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  საჰაერო ხომალდის ავარიული დაშვება განხორციელდა. შეტყობინების მიღების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება დროულად მოხდა და სწავლების ფარგლებში, პროცედურებით გაწერილი ყველა ნორმატივი – დაწყებული ხანძრის ლიკვიდაციით, დასრულებული საჰაერო ხომალდიდან მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციით – განხორციელდა.

ტრიაჟის ზონაში მოხდა დაზიანებების მიხედვით  დაზარალებულთა დახარისხება და შესაბამისი პირველადი  სამედიცინო დახმარების ადგილზე გაწევა.

ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლების შედეგები შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერმა შეაფასა.

ედუარდ მნაცაკანიანის განცხადებით, ამ სახის სწავლება საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად ტარდება.

“მსგავსი სახის პრაქტიკული სწავლების მიზანი აეროპორტებში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. აეროპორტის თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს კრიტიკულ სიტუაციებში. სწორედ ამას ემსახურება ეს სწავლებები, რომელიც ქუთაისის აეროპორტში წელს უკვე არაერთხელ  ჩატარდა”,- განაცხადა ედუარდ მნაცაკანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები