სამართალდამცველებმა “ბეკოს” მაღაზიის ქურდობისთვის სამი არასრულწლოვანი ამხილეს
სამართალდამცველებმა “ბეკოს” საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის ქურდობისთვის სამი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები არასრულწლოვნები არიან.
უწყების განმარტებით, 13 ივნისს მომხდარი “ბეკოს” მაღაზიის ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დამნაშავეების მიმართ კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს.
ცნობისათვის, თბილისში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, „ბეკოს“ ორი მაღაზია გაქურდეს. მათ შორის, ერთი დანაშაული დღეს, გამთენიისას მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას, „ბეკოს“ მაღაზია, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირის N 39 -ში მდებარეობს, უცნობმა პირებმა გაქურდეს. თავდასხმის შედეგად, წაღებულია მობილური ტელეფონები და თანხა სალაროდან – 4500 ლარი.
“ორივე ქურდობის ფაქტი ერთი ხელწერით განხორციელდა. ორივე შემთხვევა დილით, გამთენიისას მოხდა და მაღაზიიდან ერთი და იგივე ნივთებია წაღებული. სათვალთვალო კამერებიდან ნათლად ჩანს, რომ ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. სავარაუდოდ, მათ უკან სხვა დგას, რადგან არასრულწლოვნებმა კარგად იციან, რომ მათ არ დაიჭერენ და დანაშაულს სჩადიან. ველოდებით, როდის დააკავებენ იმ პირებს, ვინც ქურდობის ფაქტი ჩაიდინა და შევიტყობთ, ვინ დგას ამ არასრულწლოვნების უკან“, – განუცხადა „კვირას“ მაღაზიათა ქსელ „ბეკოს“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია ტყებუჩავამ.