ავთანდილ დემეტრაშვილი: ჩემთვის სასურველი იქნებოდა, წარდგენილი ყოფილიყო კოალიციური მთავრობა

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ქვეყანაში კოალიციური მთავრობის არსებობის მომხრეა. ამის შესახებ დემეტრაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დემეტრაშვილის თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატური იქნებოდა, თუ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდებოდა.
„ჩემთვის სასურველი და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატური იქნებოდა, რომ წარდგენილი ყოფილიყო კოალიციური მთავრობა, ანუ მთავრობაში იყვნენ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ნაკლებად სავარაუდო ვარიანტია, მაგრამ არაფერია გამორიციხული. შექმნილი სიტუცია ადეკვატურ ღონისძიებებს ითხოვს. ადეკვატური იქნებოდა თუ ჩატარდებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ჩემი სურვილი იქნებოდა ვადამდელი საპრლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარებულიყო. ეს შედეგითაც კარგი იქნება – ერთიანი ხელისუფლება იქნება და არ იქნება კინკლაობა სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტსა და მთავრობას შორის. ანუ სტაბილური სახელმწიფო ხელისუფლება გვეყოლება“, – აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
მისი თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეული სახის პრობლემები არსებობს და თუ როგორ უნდა გამოვიდეს ხელისუფლება არსებული კრიზისიდან, მისთვის რთული სათქმელია.
„რა შეეხება იმას თუ რა ხარისხის პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, მე ვერ ვიტყვი რომ პარლამენტში პოლიტიკური კრიზისია, მაგრამ ფაქტია, მთავრობა გადადგა და თან მთავრობა გადადგა არა მოგონილი კრიზისის გამო არამედ პრემიერი გადადგა იმის განო, რომ მთავრობის შიგნით, გუნდის შიგნით არის უთანხმოება, არამხოლოდ სამთავრობო გუნდში, არამედ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორისაც არსებობს რაღაც წინააღმდეგობები, არა უბრალოდ წინააღმდეგობები, არამედ როგორ გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ფუნდამენტურ საკითხებზე ვერ შეთანხმდა მთავრობა და მმართველი გუნდის ლიდერი – ანუ აღმასრულებელ ხელუსფლებაში რაღაც გარკვეული პრობლემები არსებობს. პროკურატურასთან დაკავშირებითაც კატასტროფული სიტუაციაა. როგორ უნდა გამოვიდეს არსებული სიტუციიდან ხელისუფლება, ცოტა რთულია ამის თქმა. სასამართლო ხელისუფლებას რაც შეეხება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ანუ ხელისუფლებაში სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა ვერ არის დალაგებული კონსტიტუციის შესაბამისად, ამიტომ ვამბობ, რომ კარგი იქნებოდა ახალი ხელუსფლების ჩამოყალიბება თუნდაც კოალიციური მთავრობის საფუძველზე და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩანიშვნა“,- განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები