სულხან სალაძე შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ: არ არის გამორიცხული ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი დეტალები გამოიკვეთოს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით მუშაობს და არ არის გამორიცხული ახალი დეტალები გამოიკვეთოს.
„შეხვედრის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, დავსვით რიგი კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს და მათ შორის ჩვენც გვაქვს ეს კითხვები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე დახურულია და ბევრ დეტალზე არ არის წვდომა. ბუნებრივია მათი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება იყო მნიშვნელოვანი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათივე განცხადებით, მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ გამორიცხავს ახალი დეტალების გამოკვეთას ამ საქმეში, მათ შორის გამოძიების წარმოების დროს გარკვეულ ხარვეზებზე, რამაც შემდგომში განაპირობა გარკვეული შედეგების დადგომა. სამინისტროს განცხადებით, ისინი მოწადინებულნი არიან და მათი დიდი სურვილია ამ საქმეზე საბოლოოდ დადგეს ისეთი განაჩენი, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებაში არ დარჩება კითხვები, ამ მიმართულებით მუშაობენ აქტიურად, თუმცა, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამ საქმეზე არ არის ისეთი დროის ლიმიტი, რომ ეს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. ცხადია, გონივრულად მცირე დროის მონაკვეთში უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული. მათაც აქვთ მოლოდინი, რომ გაცილებით მეტი საუბარი შეიძლება განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ის თუ როგორ ასაბუთებს სასამართლო. ჩემი მოლოდინი არის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სასამართლოში, სხვა უწყებებში არა და მითუმეტეს, ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება მხოლოდ ამ შენობაში, პროკურატურაში და სასამართლოში“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები