გია ვოლსკი: ქალაქის მერს შესაბამისი მოთმინება უნდა ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს

“ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში განუკითხაობა იქნება”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, მარნეულში მოხდარ ფაქტს, რის გამოც მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს.
„ასეთი უშვერი გინება და უშვერი სიტყვები ქუჩაში, მიტინგზე არასოდეს გამიგია და აქციის ორგანიზატორებს ასეთი გამოხტომა უნდა აღეკვეთათ. თუმცა ქალაქის მერი იმიტომ არსებობს და თანამდებობა იმიტომ აქვს, რომ შესაბამისი მოთმინება ჰქონდეს და ყველაფერს სამართლებრივად მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში განუკითხაობა იქნება. მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი სწორედ ეს არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, დეპუტატი უდანაშაულობის პრეზუმფციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დასკვნები გამოძიების შედეგების შესაბამისად უნდა გაკეთდეს.
„თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და დასკვნები აქედან გამოვიტანოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ქალაქ მარნეულში, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები