“მზიურში”, გიგი ანთაძის ჯიხურიდან წვენსაწურის და თანხის მოპარვის ფაქტზე, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინი ჯიბლაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი განათავსა, სადაც წერს, რომ ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდისთვის, გიგი ანთაძისთვის, მზიურის პარკში გადაცემული სავაჭრო ჯიხურიდან, ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ, მერე კი ნავაჭრი და შეგროვებული თანხა.
მისივე ინფორმაციით, ამის შესახებ, მას გიგის დედამ უამბო.
“ეს ისტორია რასაც გიამბობთ, არის კოშმარი – გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს. გუშინ მთელი დღე ვფიქრობდი, ნეტა სხვა ქვეყანაშიც თუ მოხდებოდა მსგავსი რამ?
გუშინ გიგისთან რომ მივედით, ყველამ ვიცით ხო გიგი – პატარა ბიჭი, რომელიც მზიურში ნატურალურ წვენებს ყიდის – ძალიან უსიამოვნო ამბავი მოგვიყვა გიგის დედამ, ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ – მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა!
რა უნდა იწამო ამის მერე ადამიანმა, გიგის, რომელიც მართლა სიმბოლოა შეუპოვრობის, შრომის და სიკეთის, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ პრობლემა აქვს – ვიღაც, არც ვიცი რა ვუწოდო – მიდის და ქურდავს.
გული მქონდა ცუდად გუშინ კიბეზე რომ ამოვდიოდი მზიურიდან, მე და ჩემი თანამშრომელი ზუკა ჩუმად მდუმარედ ვყლაპავდით სიბრაზის ცრემლებს და არ გვჯეროდა, რომ ის, რაც მოვისმინეთ, იმ საზოგადოებაში მოხდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ჩვენი ბავშვები იზრდებიან…”,- წერს ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება არ შემოსულა, უწყებამ საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები