თამარ ტალიაშვილი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს CEMR კონფერენციის მონაწილეების წინაშე გენდერულ თემაზე პრეზენტაციით წარსდგა

ქართული დელეგაცია ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს “CEMR” კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრები – მარიკა დარჩია და ანა ლაშხი, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: ბექა ხალიბეგაშვილი, სალომე ღონღაძე, ოთარ ლორთქიფანიძე, ნატალია ზოიძე, ანა ხარებავა და მარიკა ჩხიკვიშვილი შედიან, “ათეას” ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი  – თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს.

ვორდ-კაფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე,  რომელშიც  სხვადასხვა ქვეყნების, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგა.

თამარ ტალიაშვილმა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვა ხაზი.

“ათეას” ვიცე პრეზიდენტი ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით გატარებულ რეფორმებსაც შეეხო და დეტალურად ისაუბრა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პლატფორმაზე, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში (NALAG) შეიქმნა.

“2014 წელს ჩემი ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს დეპუტატების მხარდაჭერით ასოციაციაში (NALAG) შექმნილი გენდერული თანასწორობის პლატფორმა მნიშვვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინიციატივების დამკვიდრებაში. ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა გენდერული თანასწორობის საბჭოებისა  და გენდერული სტრატეგიის შექმნის პროცესები”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ქართული დელეგაცია რამდენიმე შეხვედრას დაესწრება და სხვადასხვა თემების განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

სამდღიანი კონფერენცია – “თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა” რომელიც ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განვითარებასა და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვას ისახავს მიზნად 11 ივნისს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები