თბილისის საკრებულოში რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში ინვესტირების განხორციელების შესახებ, შეხვედრა გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ცოტნე დადიანის 25 ნომერში ინვესტიციის შესაძლებლობის შესახებ საკრებულოში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ მისამართზე ინვესტირებით ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული. შპს „მეგობრობა“ ცოტნე დადიანის 25-ში მდებარე ძველი, ამორტიზებული შენობის ნაცვლად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სურვილს გამოთქვამს და მზადაა მოსახლეობა საცხოვრებლით დააკმაყოფილოს და გარემოც შესაბამისად გაამწვანოს და კეთილმოაწყოს.

ინვესტირების განხორციელებით დაინტერესებულია ადგილობრივი მოსახლეობაც. პროცესის ხელშეწყობის თხოვნით, მათ რამდენიმე დღის წინ რიმა ბერაძეს მიმართეს.

„ინვესტირება არის ჩვენი რაიონის ინფრასტრუქტურული კეთილდღეობის ყველაზე ეფექტური გამოსავალი. ამიტომ, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, მე ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო მოლაპარაკებებს დაინტერესებულ პირებს, მოსახლეობასა და დედაქალაქის მერიას შორის. რაიონში ინვესტორების მოძიება ჩვენი მუშაობის პრიორიტეტია“, – განაცხადა შეხვედრის მიმდინარეობის დროს რიმა ბერაძემ.

შეხვედრაში თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების უფროსებმა  მოსახლეობას პროცედურების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და განუმარტეს, რომ ყველა პირობისა და კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ორივე მხარის მხრიდან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი, სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს” ხელმძღვანელ ირაკლი თავართქილაძესთან ერთად ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები