ადვოკატი: შსს-ს გენინსპექციას, სასამართლოში მომხდარ ფაქტზე, ინფორმაცია მივაწოდეთ და დავინახეთ მზაობა, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძისა და შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
ნესტან ლონდარიძის თქმით, გუშინ საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით, მათ შსს-ს გენინსპექციას სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
„ჩვენ მივაწოდეთ სრული ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. აღვწერეთ ის შემთხვევა, რაც განხორციელდა სასამართლოს სასადილოს დარბაზში და დავინახეთ მზაობა იმისთვის, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და მივიღოთ სამართლიანი შედეგი“, – განაცხადა ლონდარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, გამომძიებლები შეხვედრას ესწრებოდნენ და წერილობითი განმარტებები შედგა.
„ჩვენს განცხადებას უნდა მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ჩატარდეს მოკვლევა. ასევე, უნდა გამოიკითხონ პოლიციელები, ვინც მონაწილეობდნენ აღნიშნულ ინციდენტში. მათი იდენტიფიცირება პრობლემა არ არის, კადრები გავიდა ყველა ტელევიზიით. თავად დაზარალებულ მხარეს შეუძლია მათი ამოცნობა და ამ მხრივ, პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა ლონდარიძემ.
ზვიად კუპრავა გუშინ სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები