მცხეთაში, ე.წ. მგალობლიანთკარის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ქალაქ მცხეთაში მდებარე ე.წ. მგალობლიანთკარის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დგას მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ეკლესია დარბაზულია (6,37×4,63 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, გადახურულია კრამიტით. გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმელთა თაღები და ლავგარდანი).
შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა, ნახევარწრიულ აბსიდში ექვსი ნიშია. დარბაზი გეგმით კვადრატულია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებში თითო სარკმელია. დასავლეთის კედელი საბჯენი თაღითაა შემოსაზღვრული. თაღი ცილინდრული კამარის ქუსლის დონეზე იკვეთება. ეკლესიის ლავგარდანი აგურისაა (ორ ჰორიზონტალურ რიგად დალაგებულ აგურებს შორის ჩასმულია სამკუთხად ნაშვერი აგურები).
მგალობლიანთკარის ეკლესიას ადგილობრივები წმ. გიორგის სახელობის ეკლესიად მოიხსენიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები