მირზა სუბელიანის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მირზა სუბელიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. “2018 წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ მ.ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მ.ს.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლის თაობაზეც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გრძელდება გამოძიება დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩამდენი პირების ვინაობის დადგენისა და გამოვლენის მიზნით. შესაბამისად ჩათვალა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა მ.ს.-მა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, კერძოდ ხელი შეუშალოს გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში და ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს გაიმართება“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები