მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები გირაოს სახით 5000 ლარს სთავაზობდნენ, თუმცა პროკურატურა სუბელიანისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, რათა მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს.

მირზა სუბელიანს ბრალი დღეს საღამოს ოფიციალურად წაუყენეს. ბრალი წაუყენეს ასევე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ფარგლებში 8 ივნისს დაკავებულ მერაბ მორჩაძესაც.

შსს-ს განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.

საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლითაც ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანია დაკავებული, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები