ბორის კაკუბავას 2 სიძე დაპატიმრებულია, 2 შვილიშვილი კი პასუხისგებაშია მიცემული

ბორის კაკუბავას ორივე სიძე – მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არიან დაკავებული. ამასთან, ამავე საქმეზე, ამავე მუხლით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ბორის კაკუბავას კიდევ ორი შვილიშვილი ლ.კ. და მ.კ. დააკავეს. ლ.კ. სასამართლომ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო მ.კ. – მშობლების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
მ.კ. მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეცვალა. სწორედ ამ ჩვენების შეცვლის შედეგად, შსს-მ კალანდიების ოჯახის ახლობელი – მერაბ მორჩაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ, მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს, დანაშაულის ჩადენის მომენტში, გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაჰპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. შედეგად, 2018 წლის აპრილში, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს.
რაც შეეხება კაკუბავას სიძეს, ყოფილ პროკურორს, მირზა სუბელიანს, რომელიც დღეს დააკავეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას, მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის საპირფარეშოში დაწყებული ჩხუბი 2 მოზარდის მკვლელობით დასრულდა. ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები