გომბორის გზაზე მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დააკავეს

სამართალდამცველებმა გომბორის გზაზე მომხდარი ავარიის მონაწილე, მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.
საქმესთან დაკავშირებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”, -აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები