ზვიად კუპრავა: მირზა სუბელიანის შემდეგ, უნდა დააკავონ მისი შვილიც, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორი იყო

„მირზა სუბელიანის დანაშაული ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ დანაშაულის დაფარვა, ეს არის მსუბუქი სასჯელი, რაც მან რეალურად ჩაიდინა“, – ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაცია “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ განუცხადა.

ამასთან, ზვიად კუპრავა მირზა სუბელიანის შვილის დაპატიმრებასაც ითხოვს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, სწორედ მირზა სუბელიანის შვილმა დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც ხორავას ქუჩაზე დანებით შეიარაღებული პირები მიიყვანა.

ზვიად კუპრავა „კვირასთან“ საუბრისას, აცხადებს, რომ სუბელიანის გარდა, გამოძიებამ ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეებიც უნდა მისცეს პასუხისგებაში.

„მირზა სუბელიანის დანაშაული ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ დანაშაულის დაფარვა, ეს არის მსუბუქი სასჯელი, რაც მან რეალურად ჩაიდინა. ამიტომ ის არა მხოლოდ ერთი მუხლით უნდა მიეცეს პასუხისგებაში, არამედ მან აგრეთვე, დანაშაული ჩაიდინა მტკიცებულებების გაყალბებაშიც. ამიტომ ჩვენ ველოდებით, როდის წაუყენებენ სუბელიანს დამატებით მუხლებს, იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა. ამ საქმეში სუბელიანი არის ერთ-ერთი დამნაშავე იმ გუნდში, ვინც აყალბებდა 6 თვის განმავლობაში საქმის მასალებს, ვინც ფალსიფიკაციას ახდენდა და ვინც დანაშაულს ფარავდა.

პასუხისგებაში უნდა მიეცეს აგრეთვე ირაკლი შოთაძეც, ის თუ უდანაშაულო იყო, რატომ გადადგა? არა მარტო შოთაძე, პასუხისგებაში უნდა მიეცენ მთავარი პროკურორის მოადგილეები – ვასაძე და კაპანაძე. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის პირი, ვინც შემთხვევის ადგილი გაანადგურა. აუცილებლად უნდა დააკავონ დანაშაულის ორგანიზატორი და პირველწყარო, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს, რომელმაც ამ დანაშაულს ორგანიზება გაუწია. სწორედ მან დაუძახა დეიდაშვილს – კალანდიას და ამ უკანასკნელმა ხორავას ქუჩაზე დანებით შეიარაღებული პირები მიიყვანა. სწორედ მირზა სუბელიანის შვილმა გაუწია ორგანიზება იმ ქმედებას, რომელმაც 2 არასწრულწლოვნის მკვლელობა და ერთი არასრულწლოვნის დაჭრა გამოიწვია“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

ამასთან, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, კვირას, 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოში გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მკვლელობის ძირითადი საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი. კერძოდ, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები