51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, მოსწავლეებს შორის მორიგი ინციდენტი 8 ივნისს, თბილისში, გურგულიას ქუჩაზე მოხდა. ამჯერად ერთმანეთს სკოლის მე-10 და მე -11 კლასელები დაუპირისპირდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ამ ეტაპზე, უცნობია,არის თუ არა 8 ივნისს, გურგულიას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი 2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიანი მკვლელობის გაგრძელება.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.
აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინცინდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები.“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები