ახალციხე პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ მონაწილეებს უმასპინძლებს
7 ივნისს ქალაქ ახალციხეში, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობების გამართვა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დედაქალაქიდან ჩასული ცნობილი მწერლები/მეცნიერები – გიორგი კეკელიძე და ლაშა ბაქრაძე შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, სტუდენტებს, უფროსკლასელებს.
ისინი წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას, მათ შორის – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქართული მწერლობა და ხელოვნება 1918-1921, ასევე ისაუბრებენ კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს, მოეწყობა გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ახალციხეში ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლებისა და ჯგუფის „Under 7“-ის მონაწილეობით გაიმართება.
ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკას გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
ღონისძიებების განრიგი:
1. 14:30 -14:50 რაბათის ციხე: ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება;
2. 15:00 -16:00 რაბათის ციხე: სემინარი თემაზე „დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“ (ლაშა ბაქრაძე, გიორგი კეკელიძე);
3. 16:00 – 16:30 – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/ანიმაციური ფილმების ჩვენება;
4. 16:45 – 17:20 – ახალციხის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება;
5. 17:30 – 18:20 – მუსიკოსები – არუთ ჩარუხჩიანი (ვიოლინო) და ტიგრან მგდესიანი (დუდუკი/ საქსოფონი);
6. 18:30 -19:50 კონცერტი – ჯგუფი „Under 7”.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც იმართება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში.