რომან კაკულიასა და იუშიმ ელჰან-კაიალარის შეხვედრა ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საკითხს ეხებოდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიასა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, იუშიმ ელჰან-კაიალარის დღევანდელი შეხვედრა, ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პროცესში აზიის განვითარების ბანკის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. აზიის განვითარების ბანკი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

რომან კაკულიამ მოისმინა სტუმრის მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ახალი ინიციატივის – საკრედიტო სქემის დაფუძნების შესახებ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საფინანსო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება და თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით. ისაუბრეს იმ ძირითად კომპონენტებზე, რომელთა ერთობლივმა ამოქმედებამ საქართველოს სიღარიბის შემცირების კონკრეტულად გაზომვადი შედეგები შეიძლება მოუტანოს.

შეხვედრაზე სტუმარმა აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი რამდენიმე ქვეყანაში უკვე ახორციელებს საპილოტე პროგრამას, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს რეგიონის დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემური მიდგომა და შემდეგ ამ პრიორიტეტების მიხედვით შეიმუშაოს კონკრეტული ინსტრუმენტები, რამაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა უნდა გამოიწვიოს.

რომან კაკულიას განცხადებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპილოტე პროგრამების განხორციელების პროცესში სისტემატურად გაიმართება შეხვედრები.

„შეხვედრებზე გავცლით ინფორმაციებს, რათა ჩვენც ჩამოგვიყალიბდეს ანალოგიური სისტემური მიდგომის გამოცდილება ამ სფეროში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარება, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობისას დაუგროვდათ”, – განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები