აკაკი ზოიძე: მდგრადი განვითარების მიზნები პოლიტიკის შემუშავების სრულ ციკლს მოიცავს და იგი პარლამენტის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს

„საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის” – აღნიშნული სახელწოდებით, პარლამენტის ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართა.

ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესზე, მისი იმპლემენტაციის მექანიზმებზე და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე მოხსენებები წაიკითხეს და დისკუსია გამართეს.

კონფერენციის მეორე დღე მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ პარლამენტის შესაძლებლობების შეფასებას და მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისთვის პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო. კონფერენციის ერთ-ერთი სესიის მოდერატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის საკონსტიტუციო ფუნქციების განხორციელების საკითხში, მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი საუბრის ძირითადი თემას წარმოადგენს ის საკითხი თუ როგორ უნდა განახორციელოს  საკანონმდებლო ორგანომ  აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა მდგარდი განვითარების მიზნების ეფექტიანად აღსრულების კუთხით. მდგარდი განვითარების მიზნები ეს არის გრძელვადიანი ხედვა, გრძელვადიანი სამიზნეები, მაგრამ მათ მიღწევას ჭირდება შუალედური მიზნების შესრულება და ყოველდღიური ქმედებები. სწორედ ამ ქმედებების და შუალედური სამიზნეების მიღწევის მონიტორინგება, ზედამხედველობა და ზოგადად ამ პროცესის ინსტიტუციონირება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა ამ კუთხით თავისი როლი შეასრულოს მისი საკონსტიტუციო როგორც ვალდებულების, ასევე ფუნქციის შესრულებაში. ეს არის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და კანონების შექმნა, მათი დამტკიცება და შესრულების ზედამხედველობა. ამ მიმართულებების მდგრადი განვითარების მიზნები არის რეალურად ქვეყნის განვითარების ნიშანსვეტები. ყოველივე ამისთვის კი პირველ ეტაპზე უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაიწერება თუ როგორ მოხდება ეს ზედამხედველობა, ვინ იქნებიან პასუხისმგებელი პირები, რა იქნება პროცესის ძირითადი ინდიკატორები და როდის შეგვეძლება ზედამხედველობის შედეგების შეფასება და ამ პროცესის შედეგად გაცემული რეკომენდაციების ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის პოლიტიკის შემუშავების სრული ციკლი და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელსაც პარლამენტი უნდა ახორციელებდეს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სესიაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კონფერენციის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს. პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იქნება თუ უშუალოდ კომიტეტების სამოქმედო გეგმაში აისახება ის ვალდებულებები, რაც კანონის შექმნის პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანი იქნება თუ განისაზღვრება ამა თუ იმ კანონის მიღება მდგრადი განვითარების რომელ მიზანს უკავშირდება და რა ამოცანა სრულდება მისი მომზადებით და მიღებით”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის წევრის მოთხოვნას ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელმა, ირინე ფრუიძემ უპასუხა და განმარტა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა უკვე გათვალისწინებულია და გარდა ამისა, რეგლამენტის ახალი რედაქცია ბევრ ისეთ სიახლეს მოიცავს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის. ირინე ფრუიძემ კონფერენციაზე კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღია მმართველობის ვალდებულების ფარგლებში, პარლამენტმა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა.

ღონისძიების მონაწილეებმა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ფორმატის განსაზღვრაზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავა ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მდგრადი განვითარების საბჭოს ფუნქციების,  დროებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან შეთავსებას შეეხებოდა. მისი განცხადებით, შესაძლებელია პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნამდე, მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებელი ამოცანების კოორდინაცია ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ იტვირთოს და პროცესების განვითარების შემდეგ გადაწყდეს თუ რა ფორმატში გააგრძელებს ახალი საბჭო საქმიანობას. პარლამენტის წევრის წინადადება კონფერენციის მონაწილეებმა მისაღებად მიიჩნიეს.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი პარლამენტის სამოქმედო გეგმის მომზადების საკითხს დაეთმო, რომელიც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა სამოქმედო გეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და კატეგორიების მიხედვით საპარლამენტო მექანიზმების, საკანონმდებლო, საზედამხედველო, წარმომადგენლობითი ფუნქციების და საბიუჯეტო პროცესის სავარაუდო აქტივობები განსაზღვრა.

ორდღიანი კონფერენციის მუშაობის შედეგები პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესების, მმართველობისა და მშვიდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჩარლზ შოველიმ და საპარლამენტთაშორისო კავშირის კონსულტანტმა, იზაბელ ობადიარუმ შეაჯამეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები