გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორს პასუხობს – წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა, არის აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული

„იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა, არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
„მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.
ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ.
ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.
მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები