ლევან ჟორჟოლიანი: მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა გაფიცვას და ხელფასების 45%-ით გაზრდის მოთხოვნას თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა სახსრების არარსებობის გამო შეუძლებელია.

„მე მესმის სურვილი, რომ იყოს მეტი ანაზღაურება, ეს მათი უფლებაა. თუმცა არსებობს რეალობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თბილისის სატრანსპორტო კომპანია დოტაციური ორგანიზაციაა, მოგებაზე არ გადის, შესაბამისად ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრებზე. აღნიშნული კომპანია, დაფინანსებას სახელფასო და ინფრასტრუქტურულ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. საბიუჯეტო სახსრებით კი მათი ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით 45%-ით შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადების გადამხდელებთან და იმ თანხებთან, რომლითაც ივსება ბიუჯეტი”,-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ეს არათანაბარ პირობებში აყენებს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სხვა სამსახურებს, მათ შორის ბაღების პედაგოგებს, „თბილსერვისის“ თანამშრომლებს და სხვა.

„მეტროს თანამშრომლების ხელფასი უფრო მეტია, ვიდრე პატრულის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელფასები, რომლებიც არანაკლებ მძიმე და საშიშ  პოზიციებზე მუშაობენ.  ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ხელფასების ზრდა პირდაპირ აისახება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობაზე, რადგან ხელფასების მატებისთვის რაღაც სხვა მიმართულებებს უნდა მოაკლდეს თანხები. ეს კი არალოგიკურია. არავის არ აქვს პირადი ინტერესი, რომ ხელფასი არ მოუმატონ რომელიმე სამსახურის თანამშრომლებს, უბრალოდ არ არსებობს ამის რესურსი”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები